ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალბომის „კარიკატურის ასწლიანი ისტორია საქართველოში“ (1880-1980) პრეზენტაცია გაიმართა. ალბომის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნეები ირინა აბესაძე, ნინო ჭოღოშვილი, ქრისტინე დარჩია და სალომე ჭანტურიძე. გამოცემა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევის ფარგლებში მომზადდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა სხირტლაძე, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
ავტორების განცხადებით, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ფენომენის – კარიკატურის არსებობის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. მიუხედავად ამისა, მას დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა, ვინაიდან კარიკატურა არა მხოლოდ მხატვრული, არამედ სოციო-კულტუროლოგიური ფენომენია, რომელიც უტყუარად ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას. ქართული კარიკატურა, პრაქტიკულად, უცნობია ფართო საზოგადოებისათვის და ნაკლებად შესწავლილია სამეცნიერო წრეებშიც.
შესაბამისად, ეს ალბომი არის ერთ-ერთი პირველი მცდელობა თავი მოუყაროს გარკვეული ლოგიკით დაალაგოს დიდძალი ვიზუალური მასალა და იკვლიოს საუკუნიანი ქრონოლოგიური დიაპაზონის მომცველი კარიკატურისა და, ზოგადად, სატირული მხატვრობის ლოგიური ნიმუშები საქართველოში. ქართველი და საქართველოში მცხოვრები არაქართველი ავტორების კარიკატურათა სიღრმისეული კვლევა საშუალებას იძლევა საქართველოს წარსულის სრულიად ახალი, მანამდე უცნობი რაკურსით წარმოჩენაში, მისი კულტუროლოგიური და სოციოპოლიტიკური სურათის რეკონსტრუირებაში.